მთესავის იგავი
გამოვიდა მთესავი თესვად.
თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.
ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, რადგან ფესვი არ ჰქონდა და გახმა.
ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა; და ვეღარ გამოიღეს ნაყოფი.
ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, გაიზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.
ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
მთესავი სიტყვას თესავს.
გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა.
ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას; მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს განსაცელი ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან.
ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან, რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.
ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.
განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას.
არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
დაკარგული ცხვარი
ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას?
და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე; შინ მოსული დაუძახებს მებობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე.
გეუბნებით: ცაში უფრო დიდი სიხარული იქნება ერთი მონანიე ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლისა, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული.
ან კიდევ, ათი დრაქმა რომ ჰქონდეს და ერთი დაკარგოს, რომელი ქალი არ აანთებს სანთელს და არ დაიწყებს ოთახის დაგვას და გულმოდგინედ ძებნას, ვიდრე არ იპოვის?
ხოლო როცა იპოვის, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან დაკარგული დრაქმა ვიპოვე.
გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმრთის ანგელოზნი ერთი მონანიე ცოდვილის გამო.
ფარისეველი და მევახშე
ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე.
ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.
ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.
გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
იგავი ტალანტების შესახებ
იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა.ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი, მესამეს – ერთი, თვითეულს – მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა.
ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი.
დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.
ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.
ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს. ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.
მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაც აქვს.
ჭკვიანი და უგუნური მშენებელი
ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ ჰგავს სახლის მაშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ამოაღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას ეკვეთა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ვერ შეარყია, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.
ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს მათ, იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის.
ხე ნაყოფით შეიცნობა
არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა; იმიტომ, რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისაგან მოისთვლიან ყურძენს.
სულელი მდიდარი
ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა; საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი? და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი? ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის.
და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო; ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული – ვიდრე სამოსელი. შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ? ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე? ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ დანარჩენისთვის?
შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. მაშ, ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ.
უძღები შვილის დაბრუნება
ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა; უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება.
ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა.
წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად. ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა.
გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე. და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე.ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო. შვილმა უთხრა: მამი,
ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას.
ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება.
ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო, და როცა შინ მიმავალი მიუახლოვდა სახლს, სიმღერისა და ფერხულის ხმა შემოესმა. მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია? მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო. ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო.
მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა. სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბო დაუკალი.
ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია. ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა.
კეთილი სამარიელი
ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.
შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია. ასევე ერომა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია.
მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი; მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა.
ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო.
როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს?მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი.
ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ
ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ? ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში.
ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.
ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.