გახსოვდეთ საზვერეები
ყოველ ქრისტიანს წმინდა ნათლისღებისას უფალი მფარველ ანგელოზს უგზავნის, რომელიც უხილავად იცავს მას ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის. იგი ადამიანის კეთილ საქმეებს იწერს. მაგრამ არსებობს ბოროტი ანგელოზი, რომელიც ჩვენს ბოროტ ქმედებებს თვალს ადევნებს და ინიშნავს კიდეც.
ყველას უნდა გვახსოვდეს იმ საშინელი დღის შესახებ, როდესაც ცოდვები მოგვეკითხება. სულს გარდაცვალებიდან მესამე დღეს საზვერეების გავლა მოუწევს. იქ მას ეშმაკები ელიან, ახსენებენ და პასუხს სთხოვენ მის მიერ ჩადენილ ნებისმიერ უხამს საქციელზე, ისეთზეც, რომელიც ადამიანს აღარც კი ახსოვს. სულს ამ რთულ გზაზე მფარველი ანგელოზიც ახლავს და მის დაცვას ცდილობს. სწორედ სიცოცხლეში ქმნილმა სიკეთემ და ახლობლების ლოცვამ უნდა გადაალახინოს სულს ეს საშინელი საზვერეები. თუ ადამიანმა სიცოცხლეშივე აღიარა ცოდვები და გულით მოინანია ისინი, საზვერეებში ეს ცოდვები აღარ მოეკითხება.
I საზვერე - უქმად მეტყველებისა და უხამსი ლაპარაკის ცოდვა (აქ ყველაფერზე მოთხოვენ პასუხს, რაც კი ოდესმე ცუდი უთქვამს, თუკი ვინმესთვის დაუცინია და სხვა)
II საზვერე - სიცრუის ცოდვა
III საზვერე - განკითხვისა და ცილისწამების ცოდვა
IV საზვერე - ნაყროვანებისა (მარხვის გატეხა, ულოცველი ჭამა) და მემთვრალეობის ცოდვა
V საზვერე - სიზარმაცის ცოდვა
VI საზვერე - ქურდობის ცოდვა
VII საზვერე - სიძუნწისა და ვერცხლისმოყვარეობის ცოდვა
VIII საზვერე - ანგარების ცოდვა (მექრთამეობა და მლიქვნელობა)
IX საზვერე - ტყუილისა და ცუდმედიდობის ცოდვა
X საზვერე - შური
XI საზვერე - ამპარტავნება
XII საზვერე - მრისხანება
XIII საზვერე - ძვირსხსენების ცოდვა ანუ ავის ლაპარაკი
XIV საზვერე - ავაზაკობის ცოდვა
XV საზვერე - ჯადოქრობისა და მკითხაობის ცოდვა
XVI საზვერე - სიძვის ცოდვა
XVII საზვერე - მრუშობის ცოდვა
XVIII საზვერე - სოდომის ცოდვა (აქ სისხლის აღრევა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ ლაპარაკიც კი სამარცხვინოა)
XIX საზვერე - კერპთაყვანისმცემლობისა და ყოველგვარი მწვალებლობისა
XX საზვერე - ულმობელობა და ყოველვარი სისასტიკე
თუ ამ საზვერეეებს გადალახავს, სული სასუფეველში მოხვდება.
ჯერ კიდევ დასაწყისში, ნახევრადუგონო მდგომარეობაში, როდესაც ვცდილობდი იესოს ლოცვა შემესრულებინა, მე გამიტაცა მშვენიერმა ბუნების სურათებმა, რომელთა თავზეც თითქოს თავად მე დავფრინავდი. როდესაც რაიმე მშვენიერი მუსიკა დამატკბობდა ან სურათი მომხიბლავდა და ლოცვას შევწყვეტდი, რაღაც ბოროტი ძალა თავიდან ფეხებამდე დამივლიდა და მე ვაგრძელებდი ლოცვას. დროდადრო გონს მოვიდოდი და ვხედავდი საკუთარ მდგომარეობას.
უცებ ჩემს საწოლთან გაჩნდა ჩემი სულიერი მოძღვარი, მღვდელმონაზონი სტეფანე. მან შემომხედა და მითხრა: „წამოდი". მთელი გულით გავიხსენე ეკლესიის სწავლება, რომელიც შეეხება ყოველგვარი გამოცხადებისადმი ნდობა-არნდობის საკითხს და დავიწყე კითხვა ლოცვისა: „აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი". მან წყნარი ღიმილით მოისმინა ლოცვა და თქვა „ამინ!" და სადღაც წამიყვანა.
ჩვენ აღმოვჩნდით თითქოსდა მზა ტანსაცმლის მაღაზიაში. საკიდებზე ირგვლივ უამრავი ტანსაცმელი ეკიდა. შეხუთულობა და სიცხე იგრძნობოდა. და აქ მე მივხვდი, რომ ეს ტანსაცმელი არის მთელი ჩემი სიცოცხლის სურვილები – კარგ ჩაცმასთან დაკავშირებით. აქ მე ვნახე ჩემი სულიც, თითქოს ჯვარცმული, კოსტუმივით ჩამოკიდებული ერთ-ერთ საკიდზე. ჩემი სული კაბად გადაქცეულიყო და მოწყენილობით დათრგუნული თითქოს იღრჩობოდა. გაწამებული სულის მდგომარეობა მანეკენის სახით იყო წარმოდგენილი, რომელიც გალიაში იჯდა და უკიდურესად მოდურად გამოწყობილიყო და ეს სული იმ ამაო, პატივმოყვარული სურვილების სიცარიელისა და უაზრობისაგან იხრჩობოდა, რომლითაც თავისი შეგნებული ცხოვრების ჟამს ერთობოდა.
მაგრამ მამა სტეფანემ ჩემთან ერთად განაგრძნო გზა. მე ვნახე სუფთა თეთრეულის სავაჭრო. ჩემს ორ ნათესავ ქალს (იმ დროს ცოცხლები იყვნენ) დაუსრულებლად ადგილიდან ადგილზე გადაჰქონდა თეთრეული. – თითქოსდა ეს სურათი განსაკუთრებულად საშინელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ჩემი სული წარმოუდგენელი მოწყენილობით აავსო და სულიერად დამთრგუნა. მე მივხვდი, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ნათესავების საიქიო ხვედრი, ისინი რომ ამ სულიერი მდგომარეობით გარდაცვლილიყვნენ. მათ მომაკვდინებელი ცოდვები არ ჰქონდათ, ქალწულები იყვნენ, მაგრამ გადარჩენისთვის არ ზრუნავდნენ, უმიზნოდ ცხოვრობდნენ და ეს უმიზნობა მათ სულებს მარადიულობაში გადაჰყვებოდა.
ამის შემდეგ მე დავინახე საკლასო ოთახი, რომელიც ჯარისკაცებით იყო სავსე. ისინი საყვედურით მიმზერდნენ. და გამახსენდა ჩემი დაუმთავრებელი სამუშაო. ერთ პერიოდში მე მომიწია ხეიბარ ჯარისკაცებთან მუშაობამ, მაგრამ შემდეგ წავედი, მათ წერილებსა და კითხვებს ვერ ვუპასუხე, ბედის ანაბარა მივატოვე ისინი რევოლუციის მძიმე, გარდამავალ ხანაში.
შემდეგ ღატაკების ბრბო შემომერტყა გარს. ისინი ხელს მიწვდიდნენ და მხოლოდ გონებით, უსიტყვოდ მეუბნებოდნენ: „მომეცი, მომეცი". მე მივხვდი, რომ ღატაკი ადამიანებისათვის დახმარების გაწევა სიცოცხლეში შემეძლო, მაგრამ ეს რატომღაც არ გავაკეთე.
მინდა ვთქვა, რომ რაც ვნახე, იმის გადმოცემა ძალიან მიჭირს, სიტყვებით აღწერა მოუხერხებელი, უხეში და უფერულია.
ვცდილობდი, მოძღვრის კვალზე მევლო, თუ ოდნავ გვერდს ავუქცევდი, გველები გამოძვრებოდნენ და ჩემს დაგესლვას ცდილობდნენ. მოძღვარი თავდაპირველად ბერულად იყო შემოსილი, მაგრამ მისი სამოსი შემდეგ მეწამულ სამეფო მანტიად იქცა.
აი, ჩვენ აბობოქრებულ მდინარესთან მივედით. მასში იდგნენ ვიღაც ბოროტი, ადამიანისმაგვარი არსებები, ისინი ერთამენთს სისხლისმსმელი გაბოროტებით ესროდნენ მსხვილ მორებს. როდესაც დამინახეს, რაღაც გაუმაძღარი სიბოროტით აღრიალდნენ, თვალებით მჭამდნენ და ცდილობდნენ, თავს დამსხმოდნენ. ეს მრისხანების საზვერე იყო, – გამომჟღავნებული, თავშეუკავებელი მრისხანებისა. როდესაც მივიხედე, შევნიშნე, რომ უკან მობობღავს დორბლი – ადამიანის სხეულის სიდიდისა, მაგრამ უფორმო – ქალის სახით. არანაირი სიტყვით არ გადმოიცემა ის სიძულვილი, რომელიც ანათებდა მისი თვალებიდან, მოუშორებლად რომ მიმზერდნენ. ეს გახლდათ ჩემი გულფიცხობის ვნება, რომელიც მრისხანების ეშმაკის ორეული იყო. უნდა ითქვას, რომ იმ ვნებებს, რომელთაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვკვებავდი და ვაძლიერებდი, იქ განვიცდიდი, როგორც – რაღაც იგივეობას იმ ეშმაკთან, რომელთაც ისინი აღძრავდნენ.
ამ დორბლს გამუდმებით ჩემზე შემოხვევა და დაღრჩობა სურდა, მაგრამ მოძღვარმა განაგდო იგი და ფიქრით უთხრა: „- ის ჯერ არ მომკვდარა, შეუძლია მოინანიოს". თვალმოუშორებელი, არაადამიანური მზერით იგი ჩემს კვალზე მოფორთხავდა ბოლომდე, ვიდრე საზვერეებს გავივლიდით.
შემდეგ ჩვენ მივედით საგუბართან თუ კაშხალთან, რომელიც ჰგავდა მიწაყრილს – გაყვანილობის მეტად რთული სისტემით, რომლის მილებიდანაც წყალი გადმოდიოდა. ეს იყო ჩემი შეკავებული, შინაგანი რისხვის სახე, – სხვადასხვაგვარი ბოროტი აზრობრივი მსჯელობის სიმბოლო, რომელიც მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს. მე რომ მოვმკვდარიყავი, მომიწევდა ისეთი განცდის გადატანა, თითქოს ამ მილებიდან მოვედინები, აუტანელი ტანჯვით ვიწურები. კვლავ დანაშაულის საშინელმა, უპასუხო გრძნობამ შემიპყრო. „ჯერ არ მომკვდარა". – გაიფიქრა მამა სტეფანემ და იქაურობას გამაშორა. დიდხანს მდევდა თან მრისხანების მდინარის ვაება და მისი ცოფიანი შხეფები.
ამის შემდეგ ჩვენ თითქოსდა ისევ ზევით ავედით და რაღაც დაწესებულებაში მოვხვდით. კუთხეში თითქოს გამიჯნულად იდგნენ ურჩხულები: უსახურნი, ადამიანისსახედაკარგულნი. შინაგანად ნაკვებნი და გარედანაც დაფარულნი საშინელი სიბინძურით. და მე მივხვდი, რომ ეს იყო საზვერე უხამსობისთვის, ბილწი ანეკდოტებისთვის, უწესო სიტყვებისთვის. შვებით გავიფიქრე, რომ აქ მაინც ვიყავი უცოდველი, მაგრამ უცებ გავიგონე, რომ ამ საშინელმა ურჩულებმა საზარელი ხმით დაილაპარაკეს: „ჩვენია, ჩვენი"… და მე განსაცვიფრებელი სიმკვეთრით წარმომიდგა, თუ მე – ათი წლის გიმნაზიელი გოგონა – როგორ ვწერდი მეგობარ გოგონასთან ერთად კლასში ათასგვარ სისულელეს ქაღალდის ფურცელზე. და მაშინათვე დანაშაულის გრძნობასთან ერთად ამომიტივტივდა უღრმესი შეგრძნება იმისა, რომ პასუხის მიგება არ შემეძლო. მაგრამ ჩემმა წინამძღოლმა ისევ ფიქრში გასცა მათ პასუხი: „- იგი არ მომკვდარა"… და იქაც გამატარა. იქვე ახლოს, იმ შესახვევიდან გამოსვლისთანავე ჩემი სული დავინახე მინის ქილაში მომწყვდეული ფიგურის სახით, ეს იყო მკითხაობის საზვერე. მე ვიგრძენი, როგორ აკნინებს და ამცირებს უკვდავ სულს მკითხაობა, თითქოსდა უსიცოცხლო ლაბორატორიულ პრეპარატად აქცევს მას.
კიდევ უფრო წინ, მოპირდაპირე კუთხეში, როგორც ფანჯარაში, რომელიც მეზობელ ქვემო დაწესებულებაში გადიოდა, დავინახე საკონდიტრო ნაწარმის აურაცხელი სიმრავლე, – რიგებად იყო განლაგებული. ეს იყო ჩემს მიერ მირთმეული ტკბილეულობა. თუმცა აქ ეშმაკები არ მინახავს, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში გემოთმოყვარეობის ყველა გამოვლინების ხილულ ნიშნებს იქედნური ეშმაკეულობის სუნი უდიოდა. მე იძულებული ვიყავი, ყოველივე ეს ხელახლა გადამეყლაპა, მაგრამ – არა სიამოვნებით, არამედ – საშინელი ტანჯვა-წამებით.
ამის შემდეგ ჩვენ ჩავუარეთ აუზს, რომელშიც დაუსრულებლად ბრუნავდა სიმხურვალისაგან გამდნარი, ოქროსფერი სითხე – ეს იყო გარყვნილი, ავხორცული ფიქრების საზვერე. სასტიკი სატანჯველის ოხშივარი ასდიოდა ამ გამდნარ და მოძრავ სითხეს.
ამის შემდეგ ჩემი ერთი ნაცნობის სული დავინახე (იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო). – საოცარი ფერის და უცნაური ფორმის ყვავილის სახით. იგი მშვენიერი ვარდის ფურცლებისგან შედგებოდა, რომლებიც გრძელ მილაკს ქმნიდნენ. არც ღერო და არც ფესვი არ ჰქონდა. მოძღვარი მივიდა, ფურცლები მოჭრა და ღრმად ჩარგო მიწაში. „- ისინი ახლა გამოიღებენ ნაყოფს". – თქვა მან.
ახლოსვე იდგა ჩემი ბიძაშვილის სული. ერთიანად საომარი ამუნიციებით განმსჭვალული, თითქოსდა სული, როგორც ასეთი, არც არსებობდა. ამ ბიძაშვილს ძალიან უყვარდა სამხედრო საქმე, მიჯაჭვული იყო მასზედ და არანაირ სხვა საქმიანობას საკუთარი თავისთვის არ სცნობდა.
ამის შემდეგ სხვა – მომცრო დაწესებულებაში მივედით. აქ იყვნენ მახინჯები: გიგანტები – თოჯინის, ხოლო ჯუჯები – უზარმაზარი თავებით. აქვე ვიდექი მე – უზარმაზარი მკვდარი მონაზვნის სახით, თითქოს გახევებული. ყველა ესენი იმ ადამიანების სიმბოლოები იყო, რომლებიც თვითნებურ მოღვაწეობრივ ცხოვრებას ეწევიან, მორჩილების და სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე: ერთნი ხორციელი ღვაწლით არიან დაკავებულნი, მეორე ნაწილს გონებრივი განსჯის უნარი აქვთ მეტისმეტად განვითარებული. ჩემთან დაკავშირებით მე გავიგე, რომ დადგება დრო, როდესაც სულიერი მოძღვრის მორჩილებას მივატოვებ და სულიერად მოვკვდები (ეს ასეც მოხდა, როდესაც 1992 წელს მე მამა სტეფანეს რჩევები არ გავითვალისწინე, სქიზმაში წავედი, არ მსურდა, მეცნო მიტროპოლიტი სერგი – ამჟამინდელი პატრიარქი; სიცოცხლის ხისგან მოწყვეტილი სულიერად ნამდვილად გავხმი, მოვკვდი და მხოლოდ ყოვლადწმიდა დედოფლის, ღვთისმშობლის მეოხებით დავუბრუნდი ეკლესიის წიაღს). ფეხები თითქოს იატაკზე მიმელურსმა, მაგრამ ღვთისმშობლისადმი მხურვალე ლოცვის წარმოთქმის შემდეგ კვლავ მომეცა წინსვლის და მამა სტეფანესთან უკან მიდევნების შესაძლებლობა. ეს იყო არა საზვერე, არამედ ჩემი მართლმადიდებლობის, ცხონების გზიდან სამომავლო გადახვევის წინასახე.
შემდეგ უზარმაზარი ცარიელი ტაძრების მთელი რიგი გაიჭიმა, რომელთა შორის ჩვენ მომქანცველად დიდხანს მივდიოდით. მე ფეხებს ძლივს ვადგამდი და ფიქრებში ვკითხე მამა სტეფანეს, თუ როდის დამთავრდებოდა ეს გზა. მან ფიქრითვე მომიგო: „ეს ხომ შენი ოცნებებია, რატომ ოცნებობდი ამდენს?" ის ტაძრები, რომელთა შორისაც მივდიოდით, მაღალი და ლამაზი იყო, მაგრამ – ღვთისთვის უცხო. ტაძრები – უღმერთოდ…
დროდადრო გვხვდებოდა ანალოგიები, რომელთა წინაშეც მუხლზე ვდგებოდი და აღსარებას ვამბობდი, ამ დროს კი ჩემი მოძღვარი გვერდზე იდგა და მელოდა. პირველი მღვდელი, ვისთანაც აღსარება ვთქვი, იყო მამა პეტრე (ჩვენი ეკლესიის წინმძღვარი, რომელთანაც ნამდვილად ვთქვი აღსარება ამ ხილვის შემდეგ). შემდეგ აღსარებების დროს სასულიერო პირი აღარ დამინახავს, მაგრამ ანალოგიებთან აღსარებისათვის ხშირად ვიჩოქებდი. ეს ყველაფერი ჩემს მომავალ ცხოვრებაზე მიმითითებდა – აღსარების საიდუმლოში ხშირი მონაწილეობის გზით გადარჩენაზე.
შემდეგ, როდესაც გზა ისევ გავაგრძელეთ, ჩვენს შესახვედრად წმ. ნიკოლოზ მირონლუკიელი გამოვიდა. ის იყო მთლიანად ვარდისფერსა და ოქროსფერში, როგორც ვარდის ფურცლებში. მზის ოქროსფერი სხივებით განათებული. ჩემი სული ამ სიწმინდესთან შეხებამ აათრთოლა და პირქვე დავემხე. მტანჯველად ამტკივდა სულის ყველა ჭრილობა – ისინი თითქოს გაშიშვლდა და შიგნიდან განათდა სიწმიდესთან ამ გასაოცარი სიახლოვით. პირქვე დამხობილი იმავდროულად ვხედავდი, რომ მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ლოყაზე აკოცა ჩემს მოძღვარს.
მალე მე ვიგრძენი, რომ შეიძლება, დედა ღვთისა ჩამობრძანებულიყო, მაგრამ ჩემი უძლური, ცოდვისმოყვარე სული აბობოქრდა იმის გამო, რომ სიწმიდესთან უშუალო კავშირი მისთვის შეუძლებელი იყო.
ჩვენ წავედით და შევნიშნეთ, რომ გასასვლელი ახლოს იყო. თითქმის გასასვლელთან საზვერეში ვნახე ერთი ჩემი ნაცნობი, ხოლო უშუალოდ გასასვლელში – მონაზონი, რომელსაც თითქოს რაღაც დაფით მაღლა ისროდნენ, მაგრამ სხვების ცოდვები სრულებით არ იზიდავდა ჩემს ყურადღებას. შემდეგ შევედით ტაძარში. შესასვლელს ჩრდილი ეფინებოდა, ხოლო ტაძრის მთავარი ნაწილი განათებულიყო.
ზემოთ, ჰაერში – კანკელის სიმაღლეზე იდგა შესანიშნავი აღნაგობის, კეთილშობილი და არაჩვეულებრივად ლამაზი გოგონა, რომელიც მეწამული მანტიით იყო მოსილი. წმიდანები ოვალურ წრედ გარს ევლებოდნენ მას ჰაერში. ეს საოცარი გოგონა უჩვეულოდ ნაცნობი და ახლობელი მომეჩვენა, მაგრამ მისი ვინაობის გახსენებას ამაოდ ვცდილობდი: „ვინ ხარ, საყვარელო, ძვირფასო, უსაშველოდ ახლობელო?" და უეცრად ვიღაცამ შიგნიდან მითხრა, რომ ეს ჩემი სულია, რომელიც ღვთისგან მომეცა, სული – იმ ქალწულებრივ მდგომარეობაში, როგორშიც იგი ნათლობის ემბაზში იყო; ღვთის ხატება მასში ჯერ კიდევ არ დამახინჯებულიყო. მას წმიდა შუამდგომელნი ეხვივნენ გარს – კარგად არ მახსოვს – ვინ. ერთი – მახსენდება – ძველ სამღვდელმთავრო შესამოსელში იყო. ტაძრის სარკმლიდან საოცარი სინათლე შემოდიოდა და მოკრძალებულ ნათელს აფრქვევდა. მე ვიდექი და გაქვევებული ვუცქერდი.
მაგრამ უეცრად წინკარის ჩრდილს გამოეყო და ჩემთან მოვიდა ღორისფეხებიანი საშინელი არსება, გარყვნილი დედაკაცი, უსახური, მდაბალი, უზარმაზარი პირით, შავი კბილებით. ჰოი, საშინელებავ! ეს ურჩხული იყო ჩემი სული – ამჟამინდელ მდგომარეობაში! სული უსახური, რომელმაც გარყვნა ღვთის ხატება. მომაკვდინებელმა, გამოუვალმა მწუხარებამ ამათრთოლა. ურჩხულს თითქოს სურდა, ნიშნისმოგებით ჩამხუტებოდა, მაგრამ მოძღვარმა შეაჩერა იგი და უთხრა: „- ჯერ არ მომკვდარა". – და მე შეშინებული გასასვლელისკენ წავყევი მას. კოლონების გასწვრივ ჩრდილში ისხდნენ მისი მსგავსი ურჩხულები – სხვათა სულები, მაგრამ მათი ცოდვებისთვის მე არ მეცალა.
გასვლისას მოვიხედე და მწუხარებით კვლავ ვიხილე ჰაერში, კანკელის სიმაღლეზე მოლივლივე ის მშობლიური, ახლობელი და დიდი ხნის დავიწყებული და დაკარგული არსება…
ჩვენ გამოვედით და გზას დავუყევით. და იქ თითქოს გამოსახვა დაიწყო ჩემმა მომავალმა მიწიერმა ცხოვრებამ: მე საკუთარი თავი ძველებურ, თოვლით დაფარულ მონასტრის შენობებში ვიხილე: ჩემს გარშემო მონაზვნები იყვნენ და თითქოს მეუბნებოდნენ: „- დიახ, დიახ, კარგია, რომ მოხვედი". მიმიყვანეს იღუმენთან, რომელიც ასევე მიესალმა ჩემს მისვლას. მაგრამ მე რატომღაც საშინლად არ მინდოდა იქ დარჩენა. თვითონაც მაკვირვებდა ეს ამბავი, რადგან ამ დროისთვის, ე.ი. ავად გახდომამდე, მონაზვნობას ვესწრაფოდი.
ამ ძილის დროს რამდენჯერმე გამომეღვიძა. ვხედავდი ოთახს, მესმოდა მძინარე ნათესავების სუნთქვა. შეგნებულად აღარ მინდოდა, რომ სიზმარი გაგრძელებულიყო, ლოცვას ვკითხულობდი, მაგრამ სურვილის საწინააღმდეგოდ თითქოს საკუთარი თავიდან გავდიოდი. ეხლა, როცა უკვე საბოლოოდ გავიღვიძე, აშკარად მივხვდი, რომ ვკვდები და მაშინათვე მთელი ჩემი ცხოვრების უმიზნობა შევიგრძენი, ვიგრძენი, თუ რამდენად მოუმზადებელი ვხვდები მარადიულობას.
„უქმად გავატარე ცხოვრება" – ვირწმუნებოდი მე და მხურვალე ლოცვით ვევედრებოდი დედოფალს, რომ ჩემთვის სინანულის ჟამი მოეცა. „პირობას ვდებ, რომ ვიცხოვრებ შენი ძისათვის". – გადმოიღვარა ეს სიტყვები ჩემი გულის სიღრმიდან. და იმავე წუთს თითქოს მადლმოსილმა ცვარმა გამაგრილა. სიცხე თითქოს არც მქონოდეს. მე სიმსუბუქე ვიგრძენი, ვიგრძენი, რომ ცხოვრებას დავუბრუნდი.
ფარდებს შორის ნაპრალებიდან მოჩანდა ვარსკვლავები, რომლებიც ახალი, განახლებული ცხოვრებისთვის მიხმობდნენ. დილით ექიმმა ჩემი გამოჯანმრთელება დაადასტურა.