ეკლესიასტე-2
ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა…
თავი 7
1. კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა – გაჩენის დღეს.
2. ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას, რადგან იქ არის ბოლო კაცისა; ცოცხალმა კაცმა ეს ყურად იღოს.
3. მწუხარება სჯობს სიცილს, რადგან სახის დაღვრემისას კეთილია გული.
4. ბრძენთა ფიქრები გლოვის სახლშია, უგუნურთა ფიქრები – მხიარულების სახლში.
5. სჯობს ბრძენისაგან კიცხვას ისმენდე, ვიდრე ბრიყვისგან ქება-დიდებას.
8. საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს; სულგრძელი კაცი სჯობს ამპარტავანს.
9. გულისწყრომად ნუ იჩქარი, რადგან გულისწყრომა უგუნურთა მკერდში ბუდობს.
10. ნუ იტყვი: წარსული დროება აწმყოს რად სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ კითხვას.
12. სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს, მაგრამ სიბრძნე უპირატესია; მის მფლობელს აცოცხლებს.
13. შეხედე ღვთის შექმნილს: ვინ გამართავს მისგან გამრუდებულს?
14. კეთილდღეობისას იბედნიერე, ძნელბედობისას ფრთხილად მოიქეც! ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა ერთმანეთის საპირისპიროდ, რათა კაცმა მის უკან ვერაფერი შეიცნოს.
15. ბევრი რამ ვნახე ჩემს ამაო წუთისოფელში: მართალი იღუპება თავის სიმართლეში, ბოროტეული დღეგრძელობს თავის ბოროტებაში.
16. ნუ იქნები ზედმეტად მართალი და მეტისმეტად ნუ დაბრძენდები – რად გინდა, რომ შეძრწუნდე?
17. მეტისმეტად ნუ იბოროტებ, არც გაბრიყვდე – რად გინდა, რომ უდროოდ მოკვდე?
18. უმჯობესია, ერთიც იყო და მეორეც, არც ერთი უარყო და არც მეორე; რადგან ღვთის მოშიში ყველაფრისგან თავს აღწევს.
19. სიბრძნე ბრძენისათვის ძალაა, ქალაქის ათ მბრძანებელზე აღმატებული.
20. არ იპოება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს.
21. ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ, რათა არ გესმოდეს, შენი მონა როგორ გლანძღავს.
23. ყოველივე ეს სიბრძნით გამოვიკვლიე; ვთქვი: ბრძენი ვარ-მეთქი, მაგრამ სიბრძნე შორსაა ჩემგან.
24. შორია, რაც იყო, და ღრმა არის, ღრმა, ვინ მიაგნებს?
25. გულს ვიდევ, შემეცნო, შემესწავლა, გამომეკვლია, რა არის სიბრძნე და გონიერება, რათა მცოდნოდა, რომ უმეცრება ბოროტებაა.
27. აი, რას მივხვდი, თქვა ეკლესიასტემ: თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო.
29. აჰა, ეს ვპოვე მხოლოდ: ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ.
თავი 8
1. ბრძენს ვინ შეედრება და ვინ შეიცნობს საგანთა ბუნებას? სიბრძნე ადამიანს სახეს უნათლებს და მისი სახის სიტლანქე იცვლება.
5. ცნების შემნახველს ავი საქმე არ შეემთხვევა; ჟამსაც და წესსაც ბრძენკაცის გული გრძნობს.
6. ვინაიდან ყველაფერს ჟამი და წესი აქვს, ადამიანის უბედურება კი ის არის,
7. რომ მან არ იცის; რა მოხდება; ან ვინ ეტყვის მას, როგორ მოხდება?
8. არავის ძალუძს ქარის შეჩერება, ვერავინ განაგებს დღეს სიკვდილისას, ვერვის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან, ვერ იხსნის სიბოროტე მის პატრონს.
9. ეს ყველაფერი ვიხილე და დავაკვირდი ყველა საქმეს, რაც მზისქვეშეთში მომხდარა; და ის დროც ვნახე, როცა კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ.
10. კიდევაც ვნახე ბოროტეულნი დამარხულნი, ადრე რომ მოდიოდნენ წმიდა ადგილას და ბრუნდებოდნენ; დავიწყებულ იქმნენ იმ ქალაქში, სადაც ამგვარად იქცეოდნენ. ესეც ამაოებაა.
11. რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას.
12. ცოდვილმა კაცმა ასჯერაც რომ ჩაიდინოს ბოროტი საქმე, მიეტევება; მე ისიც ვიცი, რომ მიეგებათ მადლი ღვთისმოსავთ, რომელთაც ეშინიათ ღვთისა.
13. არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ და ლანდივით დღემოკლე იქნება ყველა, ვისაც ღვთისა არ ეშინია.
14. არის კიდევ ამაოება, ქვეყნად რომ ხდება: მართლებს ბოროტეულთა საქმეთაებრ მიეგებათ; და არიან ბოროტეულნი, რომელთაც მართალთა საქმეთაებრ მიეგებათ. ვთქვი: ესეც ამაოებაა.
16. როცა გულს ვიდევ, შემეცნო სიბრძნე და მომეხილა ყოველი საქმე, რაც ქვეყნად ხდება, ჩემს თვალებს ძილი არ უნახავთ არც დღე, არც ღამე.
17. ვიხილე ღვთის ყოველი საქმე, რომ ვერ მიხვდება ადამიანი ვერაფერ საქმეს, რაც მზის ქვეშ ხდება; რაც უნდა დაშვრეს და იძიოს, ვერას მიხვდება; თუნდაც ბრძენკაცმა თქვას: მივხვდიო, ვერას მიხვდება.
თავი 9
1. ეს ყოველივე გულში ჩავიდევი და გამოვიკვლიე ეს ყველაფერი, რომ მართალნი, ბრძენნი და მათი ნამოქმედარნი ღვთის ხელთაა; არც სიყვარული, არც სიძულვილი არ უწყის კაცმა და არც სხვა რამე, რაც მის წინაა.
2. ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალს და უკუღმართს, კეთილს და ბოროტს, მსხვერპლის შემწირველს და მსხვერპლის არშემწირველს, როგორც კეთილს, ისე ცოდვილს, როგორც მოფიცარს, ისე ფიცის მოშიშს.
3. უბედურებაა მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს; ადამის ძეთა გულებიც აღსავსეა სიბოროტით და სიშლეგეა მათ გულებში, ვიდრე ცოცხლობენ; ამის შემდგომ კი მკვდრებში გადავლენ.
4. რადგან ცოცხლებში შერაცხილს კიდევ აქვს იმედი; რადგან ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომის უმჯობესია.
5. რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა.
8. მუდამ სპეტაკი გქონდეს სამოსელი და ზეთი არ მოაკლდეს თავს შენსას.
11. ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს.
12. რადგან ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი; ავ ბადეში გახვეული თევზებივით და მახეში გაბმული ჩიტებივით იქნებიან შეპყრობილნი ადამის ძენი ავბედით ჟამს, რომელიც მოულოდნელად ეწევა მათ.
13. ეს სიბრძნეც შევიტყვე მზისქვეშეთში და საგულისხმოდ შევრაცხე იგი:
14. იყო ქალაქი მცირე და ხალხიც ცოტა; მოადგა ქალაქს დიდი მეფე, ალყა შემოარტყა და შემოაშენა დიდი სიმაგრეები.
15. აღმოჩნდა იქ კაცი ვინმე უპოვარი, მაგრამ ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ უპოვარი იგი არავის აღარ გახსენებია.
16. ვთქვი: სიბრძნე ძალზე უპირატესია, მაგრამ უპოვარის სიბრძნეს აბუჩად იგდებენ და მის სიტყვებს ყურს არავინ უგდებს.
17. ბრძენთა სიტყვები, წყნარად ნათქვამი, უმჯობესია, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი.
18. ბრძოლის საჭურველს სიბრძნე სჯობია, ერთი ცოდვილი კი ბევრ სიკეთეს დაღუპავს.
თავი 10
1. შხამიანი ბუზები აფუჭებენ სურნელოვან ზეთს; მცირედი სიბრიყვე უფრო ძვირფასია ზოგჯერ, ვიდრე სიბრძნე და დიდება.
2. ბრძენს გული მარჯვნივ აქვს, ბრიყვს – მარცხნივ.
3. სადაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველას ეუბნება, რომ ბრიყვია.
4. თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ, რადგან თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება.
8. ორმოს გამთხრელი თავად ჩავარდება შიგ, ხოლო კედლის დამანგრეველს გველი დაშხამავს.
9. ვინც ქვებს მიათრევს, წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს.
10. ცული თუ დაგიჩლუნგდა და არ გალესე, ზედმეტი ძალა დაგადგება; ჭკუით უნდა წარმართო საქმე.
11. თუ შეულოცველს უკბინა გველმა, შემლოცველი ვეღარ უშველის.
12. ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს.
13. მისი სიტყვების დასაბამი სიბრიყვეა, ხოლო შედეგი – ავი სიშლეგე.
14. ბრიყვი მრავალსიტყვაა, მაგრამ არ უწყის კაცმა, რა მოხდება; ვინ აუწყებს, მის შემდგომ რა იქნება?
15. ბრიყვს დაჰქანცავს თავისი შრომა, რადგან მან არ იცის ქალაქისკენ მიმავალი გზა.
16. ვაი, შენდა, ქვეყანავ, ბავშვი რომ გიზის მეფედ და შენი დიდებულები დილიდანვე რომ იწყებენ ჭამას!
17. ბედნიერი ხარ, ქვეყანავ, რომ შენი მეფე არავის ჰმონებს და შენი დიდებულები თავის დროზე რომ ჭამენ, ძალთა მოკრებად, არა სალხინოდ!
18. სიზარმაცისგან ჭერი ჩამოიქცევა, გულხელდაკრეფისგან წყალი ჩამოვა სახლში.
თავი 11
1. წყალს გაატანე შენი პური, რადგან მრავალთა დღეთა შემდგომ კვლავ მოიძიებ.
2. მიეც ნაწილი ქონებისა შვიდს, რვასაც კი, რადგან არ იცი, რა უბედურება მოელის ქვეყანას.
3. როცა ღრუბელი აივსება, წვიმაც იწვიმებს ქვეყანაზე; თუ დაეცა ხე სამხრეთში ან ჩრდილოეთში, სადაც დაეცა, იქვე დარჩება.
4. ვინც ქარს აკვირდება, ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერას მოიმკის.
7. ტკბილია სინათლე და საამურია თვალთათვის მზის ჭვრეტა.
8. თუნდაც მრავალი წელი იცოცხლოს კაცმა და იმხიარულოს, ახსოვდეს, რომ მრავლად იქნება შავი დღეები; ყველაფერი, რაც მოვა, ამაოა.
9. იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას; ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი.
10. უკუიყარე გულიდან დარდი და სხეულს არიდე უამური რამ, რადგან ბავშვობაც და სიყმაწვილეც ამაოა და წარმავალი.
თავი 12
1. გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო?
2. ვიდრე დაბნელდებოდეს მზე, ნათელი და მთვარე და ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები კიდევ ჩანან წვიმის შემდეგ,
3. იმ დღემდე, ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი და მეომარნი დაუძლურდებოდნენ, ვიდრე ნათელი დააკლდებოდეთ სარკმლიდან მჭვრეტელთ,
4. ვიდრე დაიგმანებოდეს კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის ხმაური, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული, დადუმდებოდეს ყოველი გალობა,
5. შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება, – როცა მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი, –
6. ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი, დაიმსხვრეოდეს დოქი წყაროსთან,
7. მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.
8. ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ყოველივე ამაო.
13. მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი.
14. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს.