ბრილი
ძებნა
საიტის მენიუ
საპატრიარქოს ტელევიზია
...ბრილი...
შესვლის ფორმა
+
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 55
მოგესალმები, სტუმარი · RSS 19.03.2024, 09:21

ბრილის ფერისცვალების ეკლესია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრილის ფერისცვალების ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ბრილის ფერისცვალების ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XI საუკუნით. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია გადაუკეთებიათ და მისთვის სამხრეთიდან კარიბჭე მიუშენებიათ. ეკლესია დარბაზულია (8,7x5,5 მეტრი), პირველი სამშენებლო ფენა ნაგებია კირქვით და ბაზალტის ქვით, ხოლო მეორე (კამარა, კონქი, კარ-სარკმლის წირთხლები და თაღები) - კვადრატული აგურით. შესასვლელი ორი აქვს; დასავლეთისა შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან გადახურულია შეისრული თაღით, სამხრეთის ფართო და თაღიანი შესასვლელი კარიბჭეში გადის. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თითო ფართო თაღიანი სარკმელია დანარჩენ სამ კედელშიც. აფსიდის ჩრდილოეთის მხართან და სარკმლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია აფსიდის ფართო მხრებზე დაყრდნობილი შეისრული სატრიუმფო თაღით. თაღის ქუსლებთან თაროსა და შეღრმავებული სიბრტყისაგან შედგენილი ბაზალტის იმპოსტებია. დარბაზის შეისრული კამარის საბჯენი თაღი თაროს, ლილვისა და დახრილი სიბრტყისაგან შედგენილი ბაზალტის კრონშტეინებზეა დაყრდნობილი. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიის დასავლეთ კედელზე და საკურთხეველში ნალესობის ქვეშ შემორცენილია ძლიერ დაზიანებული მოხატულობის ფრაგმენტები, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება. საკურთხევლის მხატვრობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქის კომპოზიცია დაღუპულია. მის ქვემოთ შემორჩენილი ორი რეგისტრიდან ზედა შედარებით ვიწროა. მეორე რეგისტრში ერთმწკრივად განლაგებულია ექვსფრთედები. შემდეგ რეგისტრში ეკლესიის მამათა ფრონტალური ფიგურებია. თითოეულ მათგანს ერთ ხელში წიგნი უჭირავს, მეორე ხელით აკურთხებს (ხელი ზოგს გვერდზე აქვს გაწვდილი, ზოგს მკერდთან მიტანილი). ზოგიერთი მამის სამოსი ჭადრაკისებრი ორნამენტითაა შემკული. არის ჰამატებში ჩასმული ჯვრებიც. წმინდა მამათა ფიგურები შედარებით მცირე ზომისაა და მოჩარჩოებულია თაღნარით. ფიგურებს ახლავს ასომთავრული წარწერები, რომლებიც ძლიერ დაზიანებულია. წმინდანთა სახეებზე გაირჩევა ყავისფერი ჩრდილები, წვრილი მონაცრისფერო-თეთრი და ყავისფერი ხაზებით დამუშავებული წვერი და თმა. მხატვრობა დასრულებულია სქემატური ყვავილოვანი ორნამენტით. კარიბჭე (3,9x4 მეტრი) სამი მხრიდან გახსნილი იყო ფართო ნახევარწრიული თაღებით, რომელთაგან ორი ამოშენებულია. კარიბჭეს სამხრეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს. იგი გადახურულია აგურით ნაწყობი ვარსკვლავა კამარით. კარიბჭის სამხრეთ ფასადზე ფრონტონის წყობაში ჩასმულია ეკლესიის ძველი კანკელის სტილიზებული მცენარეული ორნამენტით მოჩარჩოებული ქვიშაქვის დაზიანებული ფილა, რომელიც სტილისტური ნიშნებით XI საუკუნის I ნახევრით თარიღდება.. ფილაზე ფერისცვალების რელიეფური კომპოზიციაა წარმოდგენილი. შუაში გამოსახულია ქრისტე ჯვრული შარავანდედით, მისგან მარცხნივ მოსეა, მარჯვნივ კი - ილია. ორივე ქრისტესკენაა გადახრილი. ილიას და ქრისტეს შორის რთულ მოძრაობაში გამოსახულია ერთ-ერთი მოციქულთაგანი. ფილის თავისუფალ არეზე შემორჩენილია ამოკაწრული ასომთავრული წარწერები (დაზიანებულია) და საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერის ფრაგმენტები. ეკლესიისა და კარიბჭის ფასადები დასრულებულია აგურის ლავგარდნით. შენობას კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.

ეკლესია მოქმედია 2009 წლის 25 ივნისიდან. წინამძღვარია მამა პიმენი (ჯეგაძე).

www.brili.ucoz.com © 2024