ბრილი
ძებნა
საიტის მენიუ
საპატრიარქოს ტელევიზია
...ბრილი...
შესვლის ფორმა
+
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 48
მოგესალმები, სტუმარი · RSS 21.09.2017, 13:31

დეკანოზი ანდრია დუდჩენკო

საიდენტიფიკაციო კოდი და "ანტიქრისტეს ბეჭედი"

"ბეჭედი" და მისი მიღება


"ანტიქრისტეს ბეჭდის" ცნება აპოკალიფსისის შემდეგი ტექსტების მიხედვით ჩამოყალიბდა:

"და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:16-18). სხვადასხვა მანუსკრიპტებში ამ მონაკვეთის ბოლო მუხლი სხვადასხვაგვარად იკითხება. უმრავლესობა უთითებს 665, 646 და 616. საყურადღებოა უკანასკნელი ვერსია (616), რომელზეც ცოტა ქვემოთ ვილაპარაკებთ.

"მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (გამოცხ. 14:9-11).

"შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში" (გამოცხ. 19:20).

"ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს" (გამოცხ. 20:4).

რას ნიშნავს "ანტიქრისტეს ბეჭედი"?

აპოკალიფსისის სიმბოლოები რა თქმა უნდა დაკავშირებული უნდა იყოს რეალურ სამყაროსთან, მაგრამ ამავე დროს ყოველივეს ბუკვალურად გაგებაც არ შეიძლება. აღბეჭდვა ან დადაღვა - ტრადიციული ესქატოლოგიური ნიშანია (ეზეკ. 9:4). ანტიქრისტეს დროს, დამყარებული რეჟიმისადმი ლოიალობის ნიშნად, მოსახლეობის ყოველი ასაკობრივი და სოციალური ფენის ნებისმიერი წარმომადგენელი იძულებული იქნება მარჯვენა ხელსა და შუბლზე "ბეჭედი" მიიღოს. ხოლო "მხეცის" ძალაუფლების უარმყოფელი და უფლის ერთგული მონები შუბლზე ღმრთის ბეჭდით აღიბეჭდებიან (გამოცხ. 7:4). ძნელია იმის წარმოდგენა ღმრთის ბეჭედს ფიზიკური ხასიათი ჰქონდეს (მაშინ "გულის წინადაცვეთა" ალბათ ოპერატიული ქირურგიის ტერმინებში უნდა განვიხილოთ). ანტიქრისტეს ბეჭდის, როგორც ფიზიკური ნიშნის ბუკვალურ გაგებას, ფრთხილად უნდა მოვეპყრათ. "ბეჭდის" აზრი - ანტიქრისტესადმი მორჩილებაშია. პტოლემეოს IV ფილოპატროსმა გადაწყვიტა ედევნა ეგვიპტელი იუდეველები, რის გამოც მათგან საგადასახადო აღწერა, მონობა და დადაღვა მოითხოვა: 

"გადაწყვიტა, საჯაროდ დაემცირებინა იუდაელი ხალხი და ამისთვის გოდლის ეზოში დადგა სვეტი წარწერით: ვინც მსხვერპლს არ სწირავს, არავინ შევიდეს საწმიდარებში; ხოლო იუდაელნი, ყველანი გამოცხადდნენ, რათა აღწერილ იქნან მონათა სიებში. გაურჩებული ძალით უნდა მოიყვანონ და სიკვდილით დასაჯონ. აღრიცხულნი უნდა დაიდაღონ: ცეცხლით უნდა ამოეწვათ დიონისეს ნიშანი - სუროს ფოთოლი - და უფლებები შეეზღუდოთ. ყველასთვის საძულვვლად რომ არ გამოჩენილიყო, მიაწერა: საიდუმლო ღვთისმსახურებასთან ზიარების მსურველი ალექსანდრიელ მოქალაქეებთან გათანასწორდება" (3 მაკაბ. 2:20-22).

მოციქულების დროს დაღს ატარებდნენ ჯარისკაცები და მონები. ლეგიონერები სხეულზე საკუთარ მხედართმთავართა სახელებს იშანთავდნენ, ხოლო მონები - ბატონებისას. ასე, რომ თვით დაბეჭდვისა თუ დადაღვის იდეა, ამ იდეის უარმყოფელთა წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამოყენების ჩათვლით, ადრინდელი ეკლესიისთვის უცნობი არ ყოფილა. სახელმწიფო ხელისუფლება აქტიურად მიმართავდა ამ ღონისძიებას.

ეკლესიის მამათა მოწმობებს თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ მათი უმეტესობა მხეცის "ნიშანში" (მოხატულობა) სწორედ ბეჭედს ხედავს. ზოგჯერ ამ სიტყვის ნაცვლად იყენებენ სინონიმებს: დადაღვა, დანიშვნა, დაჭდევა, მონიშვნა და ა. ს. "ნიშანი" (მოხატულობა, დახაზულობა) შეიძლება შეიცავდეს მხეცის რიცხვს (წმ. ვიქტორინე, პსევდო-იპოლიტე) და მხეცის სახელს (წმ. ანდრია კესარიელი). ღირ. ეფრემ ასურელის თქმით, მოხატულობა მიიღება ქრისტეს ჯვრის ნაცვლად; აქედან შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ის ჯვრის მგმობარი შინაარსისა იქნება, მაგალითად, გადმობრუნებული ჯვარი ან რაიმე ამის მსგავსი.

ამ ბეჭედს ადამიანებს დაადებენ მარჯვენა ხელსა და შუბლზე. რატომ მაინცა და მაინც ამ ადგილზე? შესაძლებელია რამოდენიმე მიზეზი:

1) რათა არ დაზიანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები;

2) რადგან მრავალ რელიგიაში არსებობს ხელსა და შუბლზე ნიშნის დადების ჩვეულება (მაგალითად,ფილაქტერიების დადება შუბლზე თორადან ამოწერილი ციტატებით (იუდეველებთან) (მეორე სჯული 6:8; მათე 23:50));

3) პირჯვრისწერის ქრისტეანული ჩვეულების საპირისპიროდ. ამის შესახებ წერს წმ. იპოლიტე რომაელი, რომლის თქმითაც ანტიქრისტეს ბეჭდის მიმღები ადამიანი უკვე პირჯვარს ვეღარ გადაიწერს, არამედ ყოველივეში დამორჩილება მტარვალს და სინანული აღარ ექნება. ის დაეკარგება როგორც ღმერთს, ასევე ადამიანებს" (Слово о кончине мира и об антихристе, 28).

ყველა, ვინც მხეცის ბეჭედს არ მიიღებს, ელემენტარულ ეკონომიკურ საქმიანობასაც კი ვერ განახორციელებს. მას აეკრძალება რაიმეს ყიდვა-გაყიდვაც კი და შიმშილისთვის გაიწირება. ღირ. ეფრემ ასურელის თანახმად, განსაცდელს ვერც ბეჭდის მიმღებნი ასცდებიან, რადგან როდესაც სიყმილის ჟამი დადგება, "მცირედი საჭმლის ყიდვას მხოლოდ ის მოახერხებს, ვინც მტარვალის ნიშნით აღიბეჭდება".

წმ. იპოლიტე რომაელი, სხვა მამებისგან განსხვავებით, მარჯვენა ხელზე ანტიქრისტეს ნიშნად სამსხვერპლო საკმევლის კმევას, ხოლო შუბლზე - წარმართული, სარიტუალო გვირგვინის დადებას მიიჩნევს (ქრისტესა და ანტიქრისტეს შესახებ, 49).
 
ზოგიერთი წმიდა მამა "ნიშანს" ზნეობრივი მნიშვნელობით გებულობდა, კერძოდ, მარჯვენა ხელში ისინი ხედავდნენ - ღმრთის მცნებებით ცხოვრებას, შუბლში კი - აზროვნებას, მსოფლმხედველობას, ღმრთის ჭეშმარიტების შემეცნებას. ამდენად, ვინც მარჯვენა ხელსა და შუბლზე ანტიქრისტეს ნიშნით აღიბეჭდება, ის ისე შეცვლის თავის აზროვნებასა და ცხოვრებას, რომ ამქვეყნიური ცხოვრებით ცათა სასუფეველს ვეღარ "იყიდის" (განმარტება ეფუძნება სახარების სიტყვებს: "დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო" (ლკ. 19:13).

მოტანილი მოწმობებიდან ჩანს, რომ "მხეცის ბეჭედი" არა მარტო გარეგანი ნიშანია, არამედ ადამიანის შინაგანი განწყობის გამოხატულებაც, რომელიც ანტიქრისტეს ძალაუფლებას დაემონა. რომის ლეგიონერების მსგავსად, რომლებიც სხეულზე თავიანთი მხედართმთავრის სახელს ატარებდნენ, ანტიქრისტეს ძალაუფლების მიმღებნიც თავს მისი სახელით, ან მისი სახელის რიცხვით დაიდაღავენ.

"მხეცის რიცხვი"

"მხეცის რიცხვი" ნებისმიერი ქრისტეანისთვის ცნობილია, ეს არის - ექვსას სამოცდა ექვსი (666). სწორედ ეს რიცხვი "აღმოაჩინეს" ინდივიდუალური საგადასახადო ნომრების შტრიხ-კოდებში (რუსეთში - რედ.). შიში ამ "მისტიკური" რიცხვის წინაშე მრავალ ადამიანს წინააღმდეგობისკენ უბიძგებს, მაგრამ ამგვარი შიში მეტად გადაჭარბებულია. "მხეცის რიცხვის", ანუ სამი ექვსიანის (666) დანახვას ცდილობენ სამ თხელ ხაზში, რომელიც შტრიხ-კოდის დასაწყისში, შუაში და ბოლოშია მოქცეული. სინამდვილეში ეს ხაზები სრულიად უწყინარი დამხმარე სიმბოლოებია.

თვით შტრიხ-კოდი შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ იმ ციფრებს, რომლებიც შტრიხებს ქვემოთ არის მითითებული. შტრიხ-კოდი კონკრეტული პროდუქციის უნიკალური იდენტიფიკატორის მოვალეობას ასრულებს. პროდუქტის მთელი თვისება (სახელწოდება, დამამზადებელი, ღირებულება და ა. შ.) ინახება მაღაზიის ან საწყობის მონაცემთა ბაზაში. იმ შემთხვევაში, თუ მოლარის სკანერი ვერ შესძლებს ამ შტრიხ-კოდის წაკითხვას, მაშინ ციფრები მოლარეს ხელით შეჰყავს. კოდში სამი დაფარული ექვსიანი რომ არსებობდეს, მაშინ ციფრების ხელით შეყვანის შემთხვევაში ის განსხვავებული იქნებოდა საქონლის იდენტიფიკატორზე მოცემული ციფრებისა (რომელთა რიცხვში სამი ექვსიანიც შედის). შტრიხ-კოდის თხელი, ორმაგი ხაზები - ეს არის ტიპიური და ცენტრალური განმსაზღვრელები, სადაც ერთი კატეგორია განმსაზღვრელებისა შედგება სამი მოდულისგან (შტრიხი-"პრობელი"-შტრიხი), ხოლო მეორე კატეგორია (რომელიც შტრიხ-კოდის ცენტრში მდებარეობს) ხუთი მოდულისგან ("პრობელი"-შტრიხი-"პრობელი"-შტრიხი-"პრობელი"). ნიშნების სამივე შესაძლო აკრეფისას ციფრი ექვსის კოდირება ხდება "პრობელებითა" და ორი შტრიხით, რომლის საერთო სიგანე შვიდი მოდულია. პროდუქტების შეფუთვაზე შტრიხ-კოდი შესაძლოა გამოსახული იყოს სხვადასხვა მასშტაბით, რომლის განსაზღვრისთვის მთვლელ პროგრამას მოდულის სიგანის, ანუ ყველაზე ვიწრო შტრიხის ან პრობელის გაგება სჭირდება. სწორედ ამ ინფორმაციას ატყობინებენ სამომსახურეო ნიშნები, რომლებშიც აპოკალიფსისის ფანტაზიორებმა ექვსიანები დაინახეს.

(ჩვენი შენიშვნა: შტრიხ-კოდებში მოქცეული რიცხვითი მნიშვნელობების შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. იხ. მაგ.: ...... ამიტომაც, დაბეჯითებით არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ 666 ნამდვილად იმყოფება შტრიხ-კოდებში, თუმცა მისი არც ხელაღებით უარყოფა არის შესაძლებელი. გააჩნია ვინ რა კუთხით უდგება ამ საკითხს).

მაგრამ სამი ექვსიანი შტრიხ-კოდებში რომც არსებობდეს, ეს მაინც არ უნდა იწვევდეს პანიკას. შევნიშნავთ, რომ თანამედროვე კაცისთვის, რომელიც არაბული ციფრებით ხელმძღვანელობს, "მხეცის რიცხვი" ასოცირდება სამ ერთნაირ სიმბოლოსთან (666), რისი წყალობითაც გახდა შესაძლებელი შტრიხ-კოდებში მათი "აღმოჩენა". მაგრამ, ძველად, მაგალითად ბერძნებში, ასევე სხვა ერებშიც, ციფრები სრულიად განსხვავებული ასოებით აღინიშნებოდნენ (ანუ თუ 666 სამი ერთნაირი სიმბოლოთი გამოსახება, ანბანური იზოფსეფიით ამ რიცხვის გამოსახატავად სხვადასვა ასოებია საჭირო. მაგ.: ძველქართულში სამ ექვსიანს გამოხატავენ ასოები: ქ (ქანი) – 600, ი (იე) – 60 და ვ (ვინი) – 6). წმიდა წერილშიც ლაპარაკია არა სამ ერთნაირ ციფრზე, არამედ მთელ რიცხვზე.

"აქ არის სიბრძნე", - წერს მოციქული იოანე, და მხეცის რიცხვის არსის "გაშიფრვას" გვთავაზობს. საგულისხმოა, რომ თვით სიტყვა "მხეცი", ტრანსლიტერირებული ებრაული ასოებით, ჯამში ექვსას სამოცდა ექვსს გვაძლევს.

"მხეცის რიცხვი" შეიძლება განიმარტოს ორი მეთოდით: 1) რიცხვთა სიმბოლიკითა და 2) გემატრიით (სახელის პოვნა იმ ასოების რიცხობრივი ჯამის მიხედვით, რომელთაც გამოსაკვლევი რიცხვი იძლევა).

რიცხვ 666-ის სიმბოლიკა
ძველი სემიტური კულტურები, მათ შორის ებრაელებიც, ფართოდ იყენებდნენ რიცხვებს სიმბოლური დანიშნულებით. ამგვარი გამოყენების მაგალითი გვხვდება წმიდა წერილშიც. ამასთან თვით რიცხვი არ მიიჩნევა წმიდად ან მისტიკურად. რიცხვთან ბიბლიური მიმართება არსებითად განსხვავდება ძველი მითოლოგიის ან ფილოსოფიის მიდგომისგან, სადაც რიცხვს ობიექტთან კავშირის გარეშეც შეიძლებოდა ჰქონოდა მნიშვნელობა.

რიცხვთან (როგორც სიმბოლოსთან) ქრისტეანული მიმართება რომ გავიგოთ, უპირველეს ყოვლისა საჭიროა გამოვარკვიოთ თვით სიმბოლოს ბუნება და მნიშვნელობა. სიტყვა სიმბოლო მომდინარეობს ბერძნულიდან და ნიშნავს "შეერთებას, შერწყმას, შედარებას, შეხვედრას, მიერთებას" და ა. შ. ძველ ბერძნებში "სიმბოლოდ" იწოდებოდა ერთი ფირფიტის ნამტვრევები, რომლებიც უერთდებოდნენ ერთმანეთს ნამტვრევის მონახაზის მიხედვით. ამ მონაკვეთთა შეერთებით, ბერძნები ცნობდნენ ერთმანეთს, ადასტურებდნენ მემკვიდრეობითი მეგობრობის კავშირს და სხვა. როგორც ალექსანდრე შმემანი წერს, უბრალო გამოსახულების ან ნიშნისგან განსხვავებით, სიმბოლოში არის ორი რეალობა - ემპირიული, ანუ "ხილული" და სულიერი, რომლებიც შეერთებულნი არიან არა ლოგიკურად ("ეს" ნიშნავს "ამას"), არა ანალოგიურად ("ეს" გამოხატავს "ამას") და არა მიზეზობრივ-შედეგობრივად ("ეს" არის "ამის" მიზეზი), არამედ ეპიფანიურად: ერთი რეალობა ავლენს მეორეს.

სიმბოლო განსხვავდება ნიშნისგან, და ეს ორი ცნება არ შეიძლება სინონიმებად განვიხილოთ. რიცხვები ასრულებენ ნიშნების ფუნქციას, როდესაც გამოიყენებიან არა საკრალური თვალსაზრისით, არამედ თავიანთი პირდაპირი დანიშნულებით - ნუმერაციისთვის, ჩამოთსათვლელად და ა. შ. მოვიტანთ ერთი და იმავე რიცხვის სიმბოლოდ და ნიშნად გამოყენების ყველასთვის კარგად ცნობილ მაგალითს. როდესაც ჩვენ ვევედრებით ღმერთს როგორც სამებას, რიცხვ სამს ვიყენებთ როგორც სიმბოლოს, რომელიც ღმრთის საიდუმლოსთან გვაზიარებს. მაგრამ იმავე რიცხვი (ანუ სამი) შეგვიძლია გამოვიყენოთ სახლის ან ფურცლის გვერდის დასანომრად, ან კიდევ ნივთის ღირებულების აღსანიშნად, კუპიურის ნომინალის მისათითებლად და ა. შ.

რიცხვი ექვსას სამოცდა ექვსი გამოსახულია წერილში როგორც სიმბოლო, რომლის მიხედვითაც "ვისაც ყური აქვს სმენად" შეიტყობს ანტიქრისტეს მოსვლას. იგივე სიმბოლო შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც ნიშანი, როდესაც ის აღნიშნავს, მაგალითად, წიგნის გვერდს, ან საერთოდ რიგით ნომერს და კიდევ რაღაცის რაოდენობას. ამ შემთხვევაში რიცხვ 666-ს არავითარი სიმბოლური დანიშნულება არ გააჩნია.

როგორც პროფ. მ. ივანოვის მითითებით რიცხვი რომ სიმბოლო იყოს, რამოდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:

1) უნდა არსებობდეს სიმბოლიზირებადი რეალობა;

2) თვით სიმბოლო შექმნილი უნდა იყოს ან არჩეული ამა თუ იმ კულტურაში არსებული განსაზღვრული ტრადიციების დაცვით.

3) ადამიანს უნდა გააჩნდეს სურვილი და მზადყოფნა გამოიყენოს სიმბოლო სიმბოლიზირებად რეალობასთან დასაკავშირებლად.

666-ის შემთხვევაში ჩვენ სახეზე გვაქვს მეორე პირობა. აპოკალიფსისი ამ რიცხვს წარმოგვიდგენს როგორც სიმბოლოს. ამავე დროს, აპოკალიფსისის თანახმად, "მხეცის რიცხვი" გამოყენებული იქნება მაშინ, როდესაც ანტიქრისტე მთელს მსოფლიოში თავის ძალაუფლებას დაამყარებს. ამ სიმბოლოს მოქმედების ჩარჩოების თვითნებური გაფართოება დაუშვებელია. ანტიქრისტეს მოსვლამდე და მისი "ბეჭდების" წარმოდგენამდე 666 არ მოქმედებს როგორც სიმბოლო, რადგან მისი ამოქმედების რეალობა (ანუ ანტიქრისტე), რომელსაც უნდა შეუერთდეს ეს სიმბოლო, ჯერ არ მოსულა.

ასეთივე შეუსაბამობა გამოდის მესამე პირობასთან დაკავშირებითაც. სადმე აპოკალიფსური რიცხვი თუ შეგვხვდება, აუცილებელია გამოვარკვიოთ, რა მიზნით გამოიყენება ის მოცემულ კონტექსტში. ეს რიცხვი შტრიხ-კოდებში ან საიდენტიფიკაციო ნომრებში რომც არსებობდეს, შესაძლოა ჯერ არც წარმოდგენდეს სიმბოლოს, რადგან გამოიყენება ან პროდუქციის კოდირებისთვის, ან გადასახადების აღრიცხვისთვის და ა. შ., ანუ ეს ჯერ კიდევ უბრალო ნიშანი იქნებოდა. რიცხვი 666 მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება სიმბოლო, თუკი ადამიანი ამგვარ კოდს მიიღებს იმ მიზნით, რათა შეგნებულად განუდგეს ქრისტეს და შეუდგეს ანტიქრისტეს მსახურებას. მაგრამ, თუ ადამიანი ინდივიდუალურ ნომერს ღებულობს იმ მიზნით, რათა მიიღოს დოკუმენტი (მოცემულ შემთხვევაში რიცხვი უბრალო ნიშანია), შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ ამგვარ დოკუმენტს შეუძლია დამღუპველი ზემოქმედება მოახდინოს მის მფლობელზე. თუ ვინმეს თავისთავად ეშინია რიცხვის, ეს მოცემული პიროვნების ცრურწმენაზე მიანიშნებს, რადგან ის თვლის, რომ რიცხვს თავისთავად გააჩნია ბოროტი ძალა, რომელიც თავისთავადვე, უპირობოდ მოქმედებს. ამგვარი შეხედულება საფუძველშივე ეწინააღმდეგება ქრისტეანულ მსოფლმხედველობას. 

ახლა განვიხილოთ, რა მნიშვნელობა შეიძლება მივუსადაგოთ რიცხვ 666-ს წმიდა წერილის საფუძველზე.

სამყარო შეიქმნა ექვს დღეში. ამის მსგავსად ანტიქრისტემ უნდა აღადგინოს მსოფლიო განდგომილება. ამის საფუძველზე ეკლესიის ზოგიერთი მამა მიიჩნევდა, რომ სამყარო ექვსი ათასი წელი იარსებებდა. 

მეექვსე დღეს შეიქმნა ადამიანი, რომლის მეშვეობითაც სამყაროში შემოვიდა ცოდვა.

ნოეს დაბადებიდან მეექვსასე წელს ცოდვა ისე გამრავლდა დედამიწაზე, რომ უფალმა დაუშვა წარღვნა უკეთურების წარსახოცად. 

ნაბუქოდონოსორის კერპი სამოცი წყრთა იყო სიმაღლეში და ექვსი სიგანეში და ის იყო ანტიქრისტეს წინასახე.

ადონირამის ძეთა რიცხვი, რომლებიც ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ იყო 666 (1 ეზრა 2:13).

მეფე სოლომონს ყოველწლიური გადასახადის სახით "ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა ყოველწლიურად" (3 მეფ. 10:14; 2 პარ. 9:13). ბოლო ორ შემთხვევაში მსგავსება "მხეცის რიცხვთან" მხოლოდ გარეგანია და შემთხვევითი. შეუძლებელია რაიმე შესატყვისობა ვიპოვოთ ადონირამის ძეთა და ანტიქრისტეს შორის; ასევე არაფერი აკავშირებს ოქროს წონას "მხეცის სახელთან". ოქროში შეიძლება დავინახოთ მინიშნება მიწიერ სიმდიდრეზე და დამორჩილებული ერებისგან გადასახადების აკრეფაზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში იუდეველებისთვის 666 შეიძლება იყოს მიწიერი კეთილდღეობისა და ბიზნეს საქმიანობაში წარმატების სიმბოლო. სავარაუდოდ სწორედ ასეთი მოტივების გამო გამოიყენება ეს რიცხვი ასე ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში (ანუ, შესაძლოა, ის სულაც არ უკავშირდებოდეს ანტიქრისტეს - რედ.). 

წმიდა წერილში რიცხვი შვიდი გამოიყენება სისრულის, სრულყოფილებისა და სიწმიდის სიმბოლოდ: "აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა" (დაბ. 2:3); ნოემ კიდობანში აიყვანა ყოველი წმიდა ცხოველის შვიდი წყვილი (დაბ. 7:2); ისრაელის ერი პატივს მიაგებდა ყოველ მეშვიდე დღეს (შაბათს) და მეშვიდე წელს, ორმოცდამეათე დღეს პასექის შემდეგ და ყოველ 50-ე წელს (შვიდი გამრავლებული შვიდზე იძლევა 50-ს ერთის გამოკლებით); აპოკალიფსისში მოხსენიებულია შვიდი ეკლესია, ამდენივე სული, ვარსკვლავი, ბეჭედი, საყვირის დაცემა, თასების გადმოღვრა, წყლულებანი, ანგელოზები, რომლებიც თასებს ღვრიან და ა. შ.

ქრისტეში კაცობრიობას მოევლინა ღმრთაების სისრულე. ხოლო ანტიქრისტე, რომელიც ქრისტეს მიმბაძველი იქნება, ყოველმხრივ შეეცდება მისდამი დამსგავსებას, თუმცა სინამდვილეში გამოავლენს დაუსრულებლობას, არასრულყოფილებას, ბოროტებას. ამ არასრულყოფილების სიმბოლოდ, რომელსაც სურს მიემსგავსოს სრულყოფილებას, არის სწორედ გამოყენებული რიცხვი ექვსი - რომელიც მაქსიმალურად მიისწრაფვის (უახლოვდება) შვიდს, სრულყოფილების სიმბოლოს, მაგრამ ამ სანუკვარ მიზანს ვერ აღწევს. ანტიქრისტეში არასრულყოფილება უკიდურესად გაძლიერებულია, რადგან მისი სახელის რიცხვია არა მხოლოდ ექვსი, არამედ ექვსას სამოცდა ექვსი.

მოსეს სჯული ექვსი დღე მუშაობას განაწესებდა, მეშვიდეს კი უფალს უძღვნიდა: "გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს" (გამ. 20:8-11). ამ კონტექსტში რიცხვები ექვსი და შვიდი ადამიანურისა და ღმრთაებრივის დაპირისპირებულობას ავლენენ.

არქიეპისკოპოს ანდრია კესარიელის თქმით, რიცხვი ექვსი ნიშნავს "ცოდვის დაბეჯითებით კეთებას ექვს დღეში გაჩენილი ქმნილების ბოროტი გამოყენებით".

რიცხვ 666-ის გემატრია

"მხეცის რიცხვის" განმარტების მეორე მეთოდი ეფუძნება გემატრიას (დამახიჯებული ბერძნული სიტყვა "გეომეტრიიდან"). ეს არის სახელის ან წოდების გადმოცემა რიცხვის მეშვეობით, რომელიც იმ ასოთა რიცხობრივი შესაბამისობის ტოლია, რომლისგანაც ეს სიტყვა შედგება. მეტად სავარაუდოა, რომ სწორედ ამ თვალსაზრისით გამოიყენება "მხეცის რიცხვი" აპოკალიფსისში, თუმცა წმიდა წერილში გემატრია საკმაოდ იშვიათად გვხვდება. ერთ ერთ ასეთ იშვიათ მაგალითად შეიძლება დავიმოწმოთ დავითის სახელის გემატრია (რიცხვი 14) მათეს სახარებაში (მათე 1:17)).

ისტორიის განმავლობაში მრავალჯერ ყოფილა მცდელობა გაეშიფრათ 666-ის მიღმა დაფარული სახელი. წმ. ირინეოს ლიონელს მოჰყავს სახელები: ევანთასი, ლათინელი, ტიტანუსი; წმ. ვიქტორინეს - ანთიმოსი; ლათინურიდან კი - დიკლუქსი; არქიეპ. ანდრია კესარიელს ისეთი კერძო სახელები, როგორებიცაა - ლამპეტისი, ბენედიქტე; ასევე საზოგადო სახელები, კერძოდ: "ბოროტი ბელადი", "ძველი მოშურნე", "უსამართლო კრავი". დროთა განმავლობაში განმარტების ამგვარი მეთოდი ძლიერ პოპულარული გახდა. ედინოვერცელ (ძველმართლმადიდებლური მიმართულება - რედ.) იოანე მალიშევს, სლავური ალფავიტის გამოყენებით მითითებული აქვს ანტიქრისტეს ორასზე მეტი სავარაუდო სახელწოდება. ხოლო პროტესტანტები "მხეცის რიცხვს" ხედავენ რომის პაპის ტიარში (თავსაბურავი):VICARIUS FILII DEI. ამ წარწერის გემატრია ზუსტად 666-ს შეადგენს.

გემატრიული განმარტების მეთოდი უფრო მიღებულია ბერძნულის ებრაული ტრანსლიტერაციით. ამგვარი მეთოდით ტიტულებიდან "კეისარი ნერონი", რომელიც ებრაული ასოებით არის ჩაწერილი, შეადგენს 666-ს: კოფი=100; სამეხი=60; რეში=200, ნუნი=50; რეში=200, ვავი=6; ნუნი=50 (ებრაული ანბანის სახელწოდებანი - რედ.). აპოკალიფსისის 13-ე და 17-ე თავებში აღწერილ გადმოცემას პარალელი გააჩნია ადრინდელ საუკუნეთა პოპულარულ ლეგენდაში ნერონის მკვდრეთით აღდგომის შესახებ. თავიანთ წიგნებში ნერონს მხეცს უწოდებდნენ სიბილა და ფილოსტრატე. 

და ბოლოს, ადრე ვახსენეთ იმის შესახებ, რომ აპოკალიფსისის ზოგიერთ ხელნაწერში 666-ის ნაცვლად გვაქვს 616. ასეთ წაკითხვას მხარს უჭერს ეფრემის ცნობილი კოდექსი (V ს.); ამის შესახებ მოწმობს წმ. ირინეოსიც. რიცხვი 616 - ეს არც გადამწერის შეცდომაა და არც შემთხვევითობა. ებრაული ასოებით, ნერონის სახელის ტრანსლიტერაციით, - ოღონდ არა ებრაულიდან (Neron), არამედ ლათინურიდან (Nero), - საიდანაც ამოვარდნილია რიცხვ 50-ის შესატყვისი ბოლო ასო "ნუნ", ვღებულობთ 616-ს. ნერონზე, როგორც ანტიქრისტეს წინასახეზე უთითებდა წმ. იოანე ოქროპირიც.

კიდევ ერთ სახელწოდებაზე ლაპარაკობს დეკანოზი ბორის მოლჩანოვი (Православний вісник №8, 1991. Сс. 47–55.). ებრაული სიტყვათწყობის ha-melek le-ishrael ("მეფე ისრაელისა") რიცხობრივი მნიშვნელობა შეადგენს 666-ს. ავტორის აზრით, იოანემ ეს საახელი პირდაპირ არ დაწერა იკონომიის გათვალისწინებით, რათა იუდეველებს ზურგი არ ექციათ სახარებისეული ქადაგებისთვის. ქრისტეს უარმყოფელი იუდეველები დღესაც ელოდებიან მესიას. და ის მმართველი, რომელიც თავს მესიად გამოაცხადებს, სინამდვილეში იქნება ანტიქრისტე.

თუმცა, ყველა მსგავსი განმარტება ასე თუ ისე, მაინც ჰიპოთეტიკურია. წმ. ირინეოს ლიონელი შენიშნავს, რომ "თუმც ცნობილია ანტიქრისტეს სახელის რიცხვი, ნაჩქარევად არაფრის მტკიცება შეგვიძლია, რადგან მრავალ სახელს შეიძლება ის მივუყენოთ. (...) ამიტომაც უფრო მისაღები და უსაფრთხო იქნება წინასწარმეტყველების აღსრულებას დაველოდოთ, ვიდრე რაღაც სახელები ვივარაუდოთ და ვიწინასწარმეტყველოთ, რამეთუ მრავალი სახელი შეესატყვისება ამ რიცხვს და საკითხი მაინც გადაუჭრელი დარჩება" (Против ересей, V, 30).  

"მხეცის რიცხვის" რომელიმე განმარტებისადმი განსაკუთრებული და მიკერძოებული მიმხრობა არაჯანსაღი აზროვნების მიმანიშნებელია. "ჩვეულებისამებრ, ვისაც "მორწმუნეთაგან" ფილოსოფიური და დიალექტიკური აზროვნება არ ძალუძს, დაკავებულია "აპოკალიფსისის განმარტებით", რადგან ოცნება ყოველთვის უფრო ადვილი იყო, ვიდრე აზროვნება", - აღშფოთებული წერდა ა. ლოსევი ("Диалектика мифа"). ამიტომაც, მივუთითეთ რა გზები და საზღვრები აპოკალიპტური სიმბოლიკის შესამეცნებლად, ამითვე შემოვიფარგლებით და გადავალთ იმ პირობათა განხილვაზე, რომლის დროსაც შეიძლება იქნეს მიღებული ანტიქრისტეს "ბეჭედი".
www.brili.ucoz.com © 2017